თანხმობა პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

1. ჩვენ შესახებ
ოკტოპუს ფიტნეს კლუბი (შემდგომში „ოკტოპუსი“/„კომპანია“) წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის მოქმედებს, როგორც დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი.
საფირმო სახელწოდება: შპს „ოკტოპუსი“
საიდენტიფიკაციო კოდია: 405116084
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ზ. ანჯაფარიძის ქ., N 42 ჩვენი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.oktopus.ge/ge/about-us

2. პოლიტიკის მიზანი
წინამდებარე დოკუმენტით, გაგიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ ჩვენ თქვენს შესახებ, რისთვის და როგორ ვიყენებთ მას.
შესაბამისი ველის მონიშვნით და პორტალზე რეგისტრაციით, ასევე ფიზიკურად რეგისტრაციის შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტის ხელმოწერით (კლუბის წევრად გახდომით), თქვენ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკის დებულებებს და გასცემთ თანხმობას თქვენს შესახებ ინფორმაციის შეგროვების, გამოყენებისა და მონაცემების სხვაგვარად დამუშავების თაობაზე. თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას, მაშინ თქვენ ვერ შეძლებთ რეგისტრაციის დასრულებას.

3. საიდან და რა პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ
ჩვენ თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეიძლება მივიღოთ „ოკტოპუსის“ ვებგვერდის/აპლიკაციის მეშვეობით თქვენ მიერ რეგისტრაციის პროცესში, აგრეთვე „ოკტოპუსის“ ფიზიკურ ფილიალში თქვენ მიერ კლუბის წევრად რეგისტრაციის პროცესში, ასევე დამატებით ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) ან/და თქვენ მიერ განცხადებით მომართვის შემთხვევაში.
ჩვენ შეიძლება დავამუშავოთ თქვენი შემდეგი პერსონალური მონაცემები:
• სახელი და გვარი;

• პირადი ნომერი;

• დაბადების თარიღი;

• სქესი;

• საკონტაქტო ინფორმაცია (ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი);

• ფოტო სურათი.

4. მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების მიზანი
ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენ მიერ თქვენ მიმართ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულების სრულად, ჯეროვნად და ეფექტურად შესრულების მიზნით, თქვენზე მორგებული ან/და ახალი პროდუქტების/მომსახურებების შემოთავაზების მიზნით, თქვენთან კომუნიკაციის მიზნით, აგრეთვე თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლებელია გამოვიყენოთ საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებისა და სასამართლო, ადმინისტრაციული და სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5. პერსონალური ინფორმაციის დამუშავების სამართლებრივი საფუძველი
პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება თქვენი თანხმობით (მათ შორის, წინამდებარე დოკუმენტზე დათანხმებით), ასევე თქვენთან გარიგების (ხელშეკრულების) დასადებად, დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად და თქვენი განცხადების განსახილველად. თქვენი პერსონალური მონაცემები ასევე შეიძლება დავამუშავოთ ჩვენი საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების საფუძვლით.

6. მონაცემთა გაზიარება მესამე პირებთან და მონაცემთა გადაცემა სხვა სახელმწიფოში
„ოკტოპუსი“ საკუთარი პორტალის მართვისა და ადმინისტრირების, ასევე პორტალის ტექნიკური მხარდაჭერისა და გამართულად მუშაობის მიზნით, იყენებს მესამე პირის მომსახურებას, რომელსაც უზიარებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს და რომელიც წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის მოქმედებს, როგორც დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი.
მონაცემთა გადაცემა ხდება სხვა სახელმწიფოში, კერძოდ, პოლონეთში არსებული იურიდიული პირისთვის, რომლის (დამუშავებაზე უფლებამოსილ პირის) სახელწოდება და საკონტაქტო მონაცემებია:
საფირმო სახელწოდება: Perfect Gym Solutions S.A. (პერფექტ ჯიმ სოლუშენს ს.ა.)
საიდენტიფიკაციო კოდი: პოლონური კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, სარეგისტრაციო კოდით (KRS): 0000540912
იურიდიული მისამართი: ფრანციშკა კლიმჩაკას ქუჩა 1, ვარშავა 02-797, პოლონეთი ტელ: +44 20 3885 9312 (პოლონეთი)
ელ-ფოსტა: contact@perfectgym.com
მონაცემთა გადაცემის დროს უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები Perfect Gym Solutions S.A.-თან გაფორმებული ხელშეკრულებით, ასევე დამუშავებაზე უფლებამოსილ პირთან დანერგილი ორგანიზაციულ-ტექნიკური დაცვის საშუალებებით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ჩვენ არ ვაზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებთან. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონმდებლობის საფუძველზე, ამას მოითხოვს სასამართლო, ადმინისტრაციული ან/და სამართალდამცავი ორგანოები. ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გაზიარდეს იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი ძირითადი საქმიანობის ფარგლებში ვიყენებთ მესამე მხარეების, სხვა პროვაიდერის მომსახურებას. ასეთ დროს შესაძლებელია, დაგვჭირდეს მათთვის თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება კონკრეტული დავალებების შესასრულებლად. მომსახურება, რომელიც უნდა მივიღოთ მესამე პირებისაგან და შეიძლება საჭიროებდეს თქვენი მონაცემების გაზიარებას, შეიძლება მოიცავდეს შემდეგი ტიპის მომსახურებებს: IT სერვისის პროვაიდერები, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ აპლიკაციის ან/და ინფრასტრუქტურის სერვისები, ასევე იურიდიული, აუდიტორული და სხვა პროფესიული მომსახურება, რომლებსაც გვაწვდიან შესაბამისი პირები.
მონაცემები მესამე პირებს შეიძლება გადაეცეთ მხოლოდ
იმ შემთხვევაში, თუ დაცულია კანონმდებლობით დადგენილი ყველა მოთხოვნა და ამასთან, ასეთი მესამე პირები იკისრებენ მონაცემთა სათანადო წესით დამუშავების, დაცვისა და კონფიდენციალურობის ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უარს იტყვით მონაცემთა მესამე პირებისთვის გაზიარებაზე, თქვენთვის მომსახურების გაწევა შეიძლება შეფერხდეს.

7. მონაცემთა შენახვის ვადა
„კომპანია“ იმ მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს, რომლებსაც ერთხელ მაინც შეძენილი აქვთ აბონიმენტი, ელექტრონულად ინახავს მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც დასრულდება სახელშეკრულებო ურთიერთობა, „კომპანია“ მონაცემებს ასევე ინახავს სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების წლიდან მომდევნო 3 (სამი) წლის მანძილზე (მაგალითად, თუ სახელშეკრულებო ურთიერთობა დასრულდა 2025 წლის რომელიმე კალენდარულ თარიღში, მომდევნო სამწლიანი ვადის ათვლა დაიწყება 2026 წლის 1 იანვრიდან).
ზემოაღნიშნული სამწლიანი შენახვის ვადის გასვლის შემდეგ „კომპანია“ ვალდებულია, განახორციელოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების არქივირება. არქივირება გულისხმობს, მონაცემების განთავსებას განცალკევებულ სერვერზე ან/და ვირტულურ სივრცეში ისე, რომ მონაცემები არ იყოს ხელმისაწვდომი „კომპანიის“ არცერთი თანამშრომლისთვის, გარდა დირექტორის მიერ განსაზღვრული პირთა შეზღუდული წრისა. არქივირებული მონაცემები ინახება 6 (ექვსი) წლის განმავლობაში მონაცემთა არქივირების დღიდან.
ზემოაღნიშნული შენახვის ვადების, მათ შორის, არქივირების, (ჯამურად 9 (ცხრა) წელი) ამოწურვის შემდგომ „კომპანია“ უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა (გარდა მომხმარებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღისა, რომლებიც უნდა წაიშალოს) დეპერსონალიზაციას (მონაცემთა იმგვარ დამუშავებას, როდესაც შეუძლებელია 3მონაცემთა სუბიექტთან მათი დაკავშირება ან ასეთი კავშირის დადგენა არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას, ხარჯებს ან/და დროს საჭიროებს). ამასთან, „კომპანია“ უფლებამოსილია, მონაცემთა დეპერსონალიზაციის ნაცვლად, როგორც ალტერნატიული ღონისძიება, გამოიყენოს მონაცემთა წაშლა იმ შემთხვევაში, თუ დეპერსონალიზებული მონაცემების შენახვის დამატებითი რესურსი აღარ გააჩნია (მაგალითად, სერვერის გადატვირთულობა და სხვ).
იმ მომხმარებელთა მონაცემები, რომელთაც პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ არ შეუძენიათ „კომპანიის“ აბონემენტი, წაიშლება პორტალზე რეგისტრაციიდან 3 (სამი) წლის შემდეგ.

8. მომხმარებლის უფლებები
თქვენ უფლება გაქვთ:

• მიიღოთ ინფორმაცია, თუ როგორ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენი მომართვის შემთხვევაში, ვალდებულები ვართ მოგაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით;

• მოითხოვოთ როგორც მონაცემთა გაცნობა, ისე მათი ასლების გადმოცემა;

• მოითხოვოთ თქვენი მონაცემის დაბლოკვა, ცვლილება, გასწორება, განახლება, შევსება, დამატება, გადატანა, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ;

• მონაცემთა ავტომატური დამუშავების შემთხვევაში, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მოითხოვოთ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისგან სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით თქვენ მიერ მიწოდებული მონაცემების მიღება ან ამ მონაცემთა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა.

• თქვენთვის მონიჭებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან/და სასამართლოს.
გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მოთხოვნით თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლის შემთხვევაში ვეღარ შევძლებთ თქვენთვის მომსახურების გაწევას.
თქვენ მიერ ამ პუნქტით თქვენთვის მონიჭებული უფლების რეალიზაციის შესახებ დაფიქსირებულ მოთხოვნაზე რეაგირებას ვახდენთ არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა, თუ წინამდებარე დოკუმენტით ან/და კანონმდებლობით სხვა სავალდებულო ვადა არ არის დადგენილი.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლოა შეგვეზღუდოს პერსონალურ მონაცემთა წაშლის შესაძლებლობა.

9. პირდაპირი მარკეტინგი
თქვენი მიერ გაცხადებული თანხმობის შემთხვევაში, შესაძლებელია თქვენი პერსონალური მონაცემები გამოვიყენოთ მარკეტინგული მიზნებისთვისაც - მათი დამუშავება საჭიროა იმისათვის, რომ მოგაწოდოთ თქვენთვის შესაფერისი პროდუქტებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაცია.
თქვენს მონაცემებს ვამუშავებთ იმისთვის, რომ გავიგოთ, რა გსურთ ან რა გჭირდებათ, რა იქნებოდა თქვენთვის საინტერესო.
თქვენი პერსონალური მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მუშავდება თქვენი თანხმობით.
თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ და მოითხოვოთ პირდაპირი მარკეტინგული მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა. თქვენს მოთხოვნას, ასეთი მოთხოვნის მიღებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში შევასრულებთ.
თქვენ, ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებთ მომსახურების ფარგლებში არსებულ სავალდებულო საინფორმაციო ხასიათის შეტყობინებებს.

10. მონაცემების ავტომატიზებული დამუშავება
„ოკტოპუსი“ თქვენ მიერ მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს არ ამუშავებს ავტომატიზებული ფორმით.

11. უსაფრთხოება
ჩვენ ვიყენებთ სათანადო ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს თქვენი მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად.

12. თქვენი პერსონალური მონაცემების ცვლილება
თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ და განაახლოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ნებისმიერ დროს პორტალზე თქვენით ან/და მოგვმართოთ ამ მიზნით.
თუ მონაცემების შეცვლისას რაიმე შეკითხვა გექნებათ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ამავე პოლიტიკით განსაზღვრული ერთ-ერთი საკომუნიკაციო საშუალებით ან/და მოგვმართოთ „ოკტოპუსის“ რომელიმე ფილიალში.

13. წინამდებარე პოლიტიკის ცვლილება
წინამდებარე დოკუმენტი შესაძლოა პერიოდულად განახლდეს „ოკტოპუსის“ მიერ. დოკუმენტში ცვლილებები შეიტანება „ოკტოპუსის“ პორტალზე გამოქვეყნების გზით და ცვლილებებს უნდა გაეცნოთ პერიოდულად. ცვლილებების შესახებ პერსონალურად
გეცნობებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ვალდებულება გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან.

14. კონტაქტი
იმ შემთხვევაში, თუ გსურთ კანონმდებლობითა და წინამდებარე პოლიტიკით თქვენთვის მონიჭებული უფლებების რეალიზება, შეგიძლიათ ეწვიოთ „ოკტოპუსის“ ფილიალს, დაგვიკავშირდეთ სატელეფონო ან/და ელ-ფოსტის საშუალებით:
• მისამართები:
- ქ. თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის 2;
- ქ. თბილისი, ვაჟა-შაველას 70;
- ქ. თბილისი, ნინო რამიშვილის 20;
- ქ. თბილისი, ლისის ქუჩა 14;
- ქ. თბილისი, სანდრო ეულის 7;
- ქ. ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის 29
• ტელ: 032 2 301 888
• ელ-ფოსტა: info@oktopus.ge

15. პოლიტიკის მოქმედების ვადა
წინამდებარე დოკუმენტი ძალაში შედის 2025 წლის 01 ნოემბერს და მოქმედებს უვადოდ.